22/11/2023
ს ა ც ი ხ უ რ ი
(ჩემი მეგობრების - სულხან ფასანიძისა და ლევან შავაძის პატივსაცემად)
მზესთან საუბრობს დღეს საციხური,
ოქროს სხივებში ცურავს აკვანა,
არვინ ისურვოს მზის მოტაცება,
არ მოინდომოს სხვაგან წაყვანა.
წიწვდავარცხნილი მოჩანს ნაფლატი,
ოქრომულს წვდება ექოდ ჭაპანა,
ცივწყაროზეა უკვე მზექალა,
ყველას მოასწრო პირის დაბანა.
ცაში ფთილებად აჭრილა კვამლი,
ბუხარ - კერიდან ამომავალი,
ძაღლი აყეფდა ნალობიევში,
მესერზე ყივის თეთრი მამალი.
ცად აქოჩრილა სიმინდის ტარო,
ნიგოზათი და ოჭივარათი,
დამძიმებულა აქ ნაფუძარი,
ფუტკრის სკებით და თაფლის ჯარათი.
ვაშლიძირს ისმის სიცილ - კისკისი,
შეხეთ, აჭარულს ცეკვავს ქალ - ვაჟი,
ვინ შეედრება აქაურ ქალებს,
ხელსაქმესა და ქსოვა - ქარგვაში?!
ხარებს მოუძღვის პატარა მეხრე,
ორღობეს ავსებს ეჟვნის ჟღარუნი,
ბაბუა მოსდევს ურემს უკნიდან,
შუბლი მოუჩანს გადაღარული.
ისმის სოფელში გადაძახილი,
გაღმამერეთი თუ გძელმერეთი,
მსგავს მორთულ სოფელს ვერსად იპოვით,
თუნდ მოიაროთ მთელი ხმელეთი.
მწვანე ხავერდებს კეცავს გზაშარა,
აქ - ნაკალვევი, იქ - ნაქერვალი,
აქ დაჩოქილა მთის მარიფათით
სტუმრის დამხვედრი ყველა მწვერვალი.
როგორც სარკეში, მოჩანს სოფელი,
ჩქეფს ბოღაური - ძმათ სამზიარი,
დაკოჟრილ ხელით ასწორებს დირეს
ჩემ წინ ბრძენკაცი და საზრიანი.
საციხურია ისევ სცენაზე:
როკვა, სიმღერა, ცეკვა, თამაში,
ძმობის ნიშაა ცეკვა ხორუმი,
ვერ შეედრება ვერვინ „სამაში“.
დიდი გული აქვს პატარა სოფელს,
რა ლამაზია მისი მთა - ველი,
ღვთის წილ „პატარა საქართველოა“,
არ გაიცვლება გოჯა, მტკაველი.
ღმერთთან საუბრობს დღეს საციხური,
მადლიერი ჰყავს გამჩენ - მმართველი,
ღმერთო, დალოცე ყველა სოფელი,
ღმერთო, დალოცე ყველა ქართველი!
მიხეილ გელაძე
ბათუმი, 12. 11. 2023 წელი