20/10/2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ. პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად დღეს რიყეზე იმყოფებოდნენ ასევე ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
„მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე, თბილისობა ძალიან კარგი ტრადიციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. თბილისი არის მართლაც განსაკუთრებული უნიკალური ქალაქი და სწორედ ამიტომ არის, რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან თბილისში და გაოცებული არიან სილამაზით, რომელიც ამ ქალაქშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისის მერის თქმით, წელს თბილისობა ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იყო გათვლილი და წლევანდელი ღონისძიებებიც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
„ძალიან ბევრი სტუმარია თბილისობის დღესასწაულზე, რომლებიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობენ. წლევანდელ თბილისობაზე პატარებისთვის ბევრი გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართება. წელს ასევე კულინარიის ფესტივალის ტრადიცია დავნერგეთ, სადაც სტუმრებს ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გაცნობა შეუძლია. თბილისობის ღონისძიება დღეს საღამოს კონცერტით დასრულდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
#თბილისობა2015 #ესჩვენითბილისობაა