18/07/2021
ცხრაჯვარის შესახებ
საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა
ცხრაჯვარი - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე, იმერეთის მხარეში.
ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარობას აღნიშნავენ იმერეთში, განსაკუთრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში.
ასევე ცხრაჯვარის სალოცავთან ახლოს უნიკალური მღვიმეა აღმოაჩენილი.
ლეგენდა
არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.
კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით: დიდი ხნის წინათ, სვანეთში ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებილან; გვარი კი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთ.
მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა. სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულის ბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ.
როგორ მივიდეთ
ცხრაჯვარი მდებარეობს ნაქერალას უღელტეხილთან, სადაც გადის ტყიბული - ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ნაქერალას უღელტეხილიდან ცხრაჯვარამდე მანძილი 3 კმ-ია, სადაც მიდის მოასფალტებული, კეთილმოწყობილი სამანქანე გზა შემდეგ კი საშუალო სირთლის საფეხმავლო ბილიკი მთის წვერამდე. საიდანაც შავი ზღვის დანახვაც კი არის შესაძლებელი.