28/05/2017
სოფელში არის ორი ეკლესია:
ერთი - წმ.გიორგისა, "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. წარწერის მიხედვით, X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. ნაგებობა დაზიანებულია. გუნბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობის დეკორატიულ სამკაულში გავრცელებულ სახეებთან ერთად გვხვდება ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციებიც.
მეორე ეკლესია თლილი ქვით ნაგები უგუმბათო ერთკამარიანი შენობაა. საპირე ქვებზე ასომთავრულით ამოკვეთილი ლაპიდარული ტექსტების ფრაგმენტებიდან ირკვევა, რომ ისიც რატი ერისთავთ-ერისთავის მმართველობის დროს აუგიათ. დაშბაშის ძველი ქართული სახელწოდებაა ახალქალაქი. აქ სხვადასხვა დროს თრიალეთის ერისმთავართა, საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი იყო.