23/01/2021
,, კლდის ვეფხვი ''
ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე.
ყველა ქალაქში დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ.
ქართველი სპორტსმენი ადგილობრივ,
ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა.
ერთ-ერთ ასპარეზობას ინგლისის დედოფალი დაესწრო.
კლდეზე ცოცვისას ტრიკონები (სპეციალური "ბათინკები",
რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა.
დედოფალმა კლდეზე მცოცავებს რომ შეხედა,
გაკვირვებულმა წამოიძახა:
-"ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე,
კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?"
მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მეტსახელი "კლდის ვეფხვი" სამუდამოდ შერჩა.
როდესაც ტურნირზე საბჭოთა წყვილი გამოიძახეს,
ფრანგული ტელევიზიის კადრში
მხოლოდ სლავა ონიშენკო გამოვიდა,
ქართველი ალპინისტი არსად ჩანდა.
გამოაცხადეს მეორედ, მესამედ...
მეგობრები ანერვიულდნენ,
რამე ხომ არ დაემართაო და მოსაძებნად წავიდნენ.
იქვე, ახლოს, მიწაზე იჯდა.
ქართულად რაღაცას ღიღინებდა და თოკით კვანძებს აკეთებდა.
-რა ხდება, ხომ კარგად ხარო - მივარდა მეწყვილე.
მომღიმარმა მშვიდად აიხედა და წყნარად თქვა:
- „შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ,
სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო“.
ტურნირის ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა, ამიტომ დაუთმეს.
როგორც თავად სურდა - ისე გამოაცხადეს.
ყველა გაკვირვებული იყო,
- საქართველო გაგვიგია, მაგრამ სვანი რას ნიშნავსო.
უხსნიდნენ ევროპელებს, რომ სვანეთი საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხეა,
სადაც ის ჯიუტი კაცი დაიბადა, ვის სანახავადაც მილეთის ხალხი შეკრებილიყო.
ლეგენდარულ თენსინგ ნორგეისთან მეგობრობდა,
ადამიანთან, ევერესტზე პირველმა რომ შეძლო ასვლა.
ერთხელ დათქვეს,
იალბუზზე ერთად ასულიყვნენ.
დილით ამინდი გაფუჭდა, თენსინგ ნორგეიმ ცუდ ამინდში ასვლაზე უარი განაცხადა, ამინდის გამოსვლას დაელოდა.
როდესაც გამოიდარა და მთამსვლელმა იალბუზზე ასვლა შეძლო,
კინაღამ გაგიჟდა.
მწვერვალზე, წარწერა დახვდა:
„კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ“
სვან მასპინძელს ავდარშივე მოესწრო მწვერვალზე ასვლა,
სახუმარო წარწერის დატოვება და უკან დაბრუნება.
დღიურში წერდა:
-"ჩვენი სოფლიდან უშბა კარგად ჩანს,
ბავშვობიდან ვოცნებობდი უშბაზე ასვლაზე, ალბათ, ამიტომაც გავხდი ალპინისტი"... "უშბაზე არის ალიოშა ჯაფარიძის გზა, მამაჩემისა და ბიძაჩემის გზა, ივან მარის გზა, სხვა მთამსვლელებისაც... მე კი ჩემი გზა უნდა გავჭრა", - ამაზე ფიქრი არ ასვენებდა.
ეს დღეც დადგა.
უშბის ე.წ. სარკის (გადმოხრილი გლუვი კედლის) დალაშქვრა გადაწყვიტეს.
კედლის ბოლო მონაკვეთი, სადაც სარკე მთავრდება,
მკვეთრად გადმოხრილია,
ვერც გვერდზე გადახვალ და ვერც ქვემოთ ჩახვალ,
მხოლოდ ზემოთ უნდა ახვიდე.
სწორედ აქ გაუჭირდათ მთამსვლელებს.
სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ნაწვიმარი იყო.
-"მინდოდა, ძნელი მონაკვეთი სწრაფად გამევლო", - წერს დღიურში ,
-„მაგრამ მალევე ამინდი აირია.“
-"ხელებით ვეკიდე. უშბას ეგონა, მოვწყდებოდი... ისე ვიყავი გაწამებული, სიკვდილი მინდოდა. უკვე ვფიქრობდი, თითები გამეშვა. მაგრამ ამას როგორ შევძლებ"?!
ძალა ეცლებოდა.
ბიჭებს უყვირა, ჩემი თოკისგან ჩაეხსენითო.
იცოდა, რომ გადმოვარდნის შემთხვევაში, ყველანი მას გადაჰყვებოდნენ.
ჯგუფის წევრებიც ხვდებოდნენ ამას, მაგრამ
თოკის გადაჭრა არავის უფიქრია...
პირიქით, უფრო მეტად შემოიხვიეს თოკი.
-"ნამდვილი მეგობრები... უშბამ არ დამინდო, ბიჭებმა კი არ გამწირეს"...
უცებ, ძალის საოცარი მოზღვავება იგრძნო,
ნიკაპი თითებამდე მიიზიდა.
თავს ზემოთ პატარა ნაპრალი შენიშნა,
მარჯვენა ხელით მოეჭიდა.
მერე ფეხი მიაშველა და...
ქვემოთ ბიჭებმა "ლილეო" დააგუგუნეს.
ისე გრგვინავდა ხმები,
ეგონა, მწვერვალები ჩამოიშლებაო...
მეშვიდე დღეს კედელი დაძლიეს და მწვერვალზე ავიდნენ.
უშბაზე ასასვლელ ყველაზე რთულ მარშრუტს,
დღეს მიხეილ ხერგიანის მარშრუტი ჰქვია.
მას შემდეგ ვერცერთმა უცხოელმა ვერ შეძლო მისი გავლა.
იტალიაში,
სარეკორდო დროში - 3 საათში შეძლო
ტორევენეციის 300-მეტრიან კლდეზე აცოცება.
6 საათში დაძლია 700 მეტრი სიმაღლის ბანკოტის კედელი.
მესამე ასვლა დოლომიტებში, ჩივეტას მასივის მწვერვალ სუალტოზე გადაწყვიტა.
მისი გამორჩეული მარშრუტი ბევრი ცნობილი ალპინისტისთვის დიდი ცდუნება იყო,
თუმცა ქვათაცვენის გამო ყველა უფრთხოდა.
სუალტოს დალაშქვრა ერთი სიგიჟე იყო და „ცალფა“ თოკით,
ორმაგი დაზღვევის გარეშე აცოცება - მეორე.
ასვლას ასობით მთამსვლელი სუნთქვაშეკრული უყურებდა.
600 მეტრი გაიარეს,
შემდეგ მეწყვილე დაზღვევაზე დადგა.
მანევრის დაწყებას, ქვების ცვენა მოჰყვა,
ერთ-ერთი ქვა პირდაპირ თოკს დაეცა, გადაჭრა და „კლდის ვეფხვი“ ჰაერში აღმოჩნდა...
-"სამი სახელი მქვია,“ - წერს დღიურში
-„ ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი,
ასე შემარქვეს ნათლობისას ერთ-ერთი შორეული წინაპრის პატივსაცემად.
მეორე სახელია მინანი - ასე მეძახდნენ შინ მამა, და-ძმები, ახლო ნათესავები.
ჩემი მესამე სახელია მიხეილი.
მიშად, მიხეილად ალპინიზმის ინსრტუქტორთა სკოლაში მომნათლეს,
რადგან ჩხუმლიანის წარმოთქმა უჭირდათ. ახლა პასპორტშიც მიხეილ ხერგიანი მიწერია"...
მიხეილ ხერგიანის სახელით დარჩა მსოფლიო სპორტის ისტორიაში,
კაცის, რომლის ხელებშიც კლდე ცოცხლდებოდა,
კი არ ცოცავდა, ზედ ცეკვავდა,
კლდის ვეფხვს ეძახდნენ,
ცხოვრებაშივე ლეგენდად იქცა,
მაგრამ მეორეხარისხოვნად მიაჩნდა ყველა მიღწევა,
ერთადერთით ამაყობდა:
-"რაც მედლები მაქვს, ყველას ერთად მირჩევნია, რომ
ბევრი მთამსვლელი მყავს გადარჩენილი,
ყველაზე მეტად ის მიხარებს გულს, ადამიანს სიცოცხლეს რომ შევუნარჩუნებ."
"სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდან!"
© ისტორია ფერებით - Colorized History