02/27/2023
ვინ ვარ მე და რაზეა ჩემი გვერდი?
მე ვარ ნანა, დავიბადე და გავიზარდე ყვარელში, კახეთის ყველაზე ლამაზ ქალაქში. ჩემს ქალაქს მარტო შესასვლელი აქვს, იმიტომ რომ სამხრეთით კავკასიონი აკრავს. მდიდარი ფაუნით, ტბებით და დახუნძლული ვენახებით. ბავშვობიდან შეყვარებული ვიყავი კახეთზე და იტალიაშიც ვაპირებ ჩემი წილი კახეთი გავაშენო. 2013 წელს უფულობის და გაჭირვების გამო დავტოვე ჩემი ქვეყანა და ჩამოვედი ჩემთვის საოცნებო ქვეყანაში, სადაც ჩემს მეუღლეს შევხვდი... 2016 წელს შევუღლდით და გვყავს სამი გოგონა. ყველაზე ბედნიერ დედად და ქალად ვგრძნობ თავს. ნეაპოლი ძალიან გვგავს, როგორც ისტორიულად, ასევე ხასიათით. რაღაცნაირ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მუდმივად. ძალიან მიყვარს ნეაპოლში ხეტიალი, ამოუწურავია. შეიძლება იფიქრო, რომ უკვე ყველაფერი ნახე, მაგრამ სულ აღმოჩენებში ვარ უკვე 8 წელია.
ვცხოვრობ ნეაპოლის ქალაქგარეთ, ისტორიულ, საპორტო ქალაქ პოცუოლში, ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ ასევე კამპი ფლეგრეის ტურს, სადაც ჩემი ქალაქიც მაქვს შეტანილი, ვთვლი რომ ულამაზესია და იმსახურებს დათვალიერებას. ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო და მისი ასეთი მრავალფეროვნება, მაქვს იტალიური სამზარეულოს ბლოგი ინსტაგრამზე ,
ასევე ვმუშაობ კერამიკაზე, ვქარგავ, ვქსოვ, ვკერავ, ვმღერი, ვუკრავ, ვხატავ, ვცეკვავ და ამ ყველაფრის სიყვარულს შვილებსაც ვუზიარებ. კიდევ ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, ბევრი ლაპარაკი, ეს მემგონი ნაპოლიტანელებმა მასწავლეს, რაღაცნაირად ძალიან ღრმად შევიყვარე ნეაპოლი და ჩემს თხრობაშიც იგრძნობა ეს, როგორც მითხრეს. ვთვლი, რომ როდესაც რაღაც გულით გიყვარს, მარტივად მუხტავ სხვასაც იმით, რაც შენ ბედნიერს გხდის, ანუ ბედნიერების გაზიარება ყველაზე საჭირო რამეა, ამიტომ გადავწყვიტე ამ საქმეს მოვკიდო ხელი, იმ საქმეს, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს - მოვაწყო ტურები ნეაპოლში სტუმრად ჩამოსული ქართველებისთვის და ისევე შევაყვარო მათ აქაურობა როგორც მე მიყვარს.
ძალიან მიხარია რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების შედეგად მთელმა ნეაპოლმა და იტალიამ გაიგო საქართველოს შესახებ და ასევე ისიც, რომ უამრავ ქართველს მოუნდა ნეაპოლში ჩამოსვლა.
მჯერა რომ ჩემი ტურების მეშვეობით აქ ჩამოსულ ბევრ ქართველ ტურისტს გავიცნობ და გავუწევ მათ გიდობას ჩემს მეორე სამშობლოში.
შევხვდებით ნეაპოლში 💙
#მოგზაურობა #მოგზაურობანეაპოლში #ნეაპოლინანასთანერთად #ნეაპოლი