ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მხარეა. ის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილო კალთებზე მდებარეობს. ხევსურეთი კავკასიონზე ხურჯინივით არის გადაკიდებული და 1050 კვ/კმ-ს მოიცავს.
ხევსურეთი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა - პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობი
საგან. პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია ბარისახო, პირიქითასი კი - შატილი.
სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ტერმინი „ხევსური“ ხევის მკვიდრს უნდა ნიშნავდეს და ასე უნდა იყოს ნაწარმოები: ხევის-ი > ხევის-ურ-ი > ხევ-ს-ურ-ი. თავდაპირველად ხევსურეთი ლეონტი მროველის (XI ს.) თხზულების არშიაზე გვხვდება. მანამდე ხევსურეთი ფშავითურთ იხსენიებოდა საერთო სახელწოდებით - ფხოვი. მემატიანეთა ცნობებით, თანამედროვე ხევსურების წინაპრებს - ფხოველებს - ამ ტერიტორიაზე პირველი საუკუნიდან მაინც უნდა ეცხოვრათ.
ხევსურები თავგამოდებით იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის, აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის 1659 წლის აჯანყებაში, ასპინძის (1770 წ.), კრწანისის (1795 წ.) ბრძოლებში, მთიულეთისა (1804 წ.) და კახეთის (1812 წ.) აჯანყებებში.
ხევსურები სამეურნეო ყოფა-ცხოვრებითა და გარეგნული იერსახით დიდად არ განსხვავდებიან სხვა მთიელი ქართველებისაგან. ისინი უხსოვარი დროიდან მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. უწინ ფართოდ იყო გავრცელებული ქარგულობა, ქსოვა, ხეზე კვეთა, მჭედლობა, ნადირობა. საყოველთაოდაა ცნობილი ხევსურული ხალხური პოეზია.