28/02/2022
ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი დეველოპერების გუნდს, რომელიც მუშაობს აპლიკაციების განვითარებაზე. ბოლო 1 წელი დავუთმეთ დასაქმების ციფრული პლატფორმის შექმნას - JOBIA, საერთაშორისო პოტენციალის და ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად, რომელიც დამსაქმებლებს და სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს სრულიად ახალ შესაძლებლობებს. პლატფორმის გამოჩენა იგეგმებოდა მარტის თვეში შესაბამისი მარკეტინგული აქტივობებით.
თუმცა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან გამომდინარე, სხვა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. მორალურ თანადგომასთან ერთად, გვჯერა საჭიროა აქტიური მოქმედება და რეალური ქმედებებით მხარდაჭერის განხორციელება.
პანდემიის პირველი ტალღის დროს შევქმენით ციფრული პროდუქტი Solidarity • სოლიდარობა - მობილური აპლიკაცია, რომელიც პანდემიით დაზარალებულ პირებს აკავშირებდა მოხალისეებთან. ინიციატივა წარმატებული გამოდგა. „Solidarity“ მოკლე დროში გახდა პოპულარული და ათასობით ადამიანს შეუმსუბუქა პანდემიით გამოწვეული გარემოება.
უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი პლატფორმის მცირედი მოდიფიკაციით აპლიკაცია უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. აპლიკაცია ხელს უწყობს დეცენტრალიზებული, თვითორგანიზებული პროცესების სწორად წარმართვას. სთავაზობს ფუნქციებს, როგორიცაა დევნილობაში მყოფი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება, ამოცანების შექმნა, მოხალისეების მობილიზება, ამოცანების ეფექტურად დელეგირება და შედეგად დევნილების დახმარება.
პლატფორმა მნიშვნელოვნია, როგორც უკრაინის ტერიტორიის შიგნით, ასევე მოსაზღვრე ქვეყნებში სადაც უკრაინელი დევნილები გადადიან და ესაჭიროებათ, დაბინავება, გადაადგილება, სამედიცინო დახმარება და შესაბამისად მოხალისეების აღმოჩენა ვისაც შეუძლია დახმარება.
გადავწყვიტეთ გუნდის მთელი რესურსი მივმართოთ „Solidarity“-ის მოდიფიკაციაზე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
რაც შეეხება „JOBIA“ -ს და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით, სულ მალე დეტალებში გაგაცნობთ, მას შემდეგ რაც ერთად ვიზეიმებთ უკრაინელი ხალხის გამარჯვებას. Слава Україні. Героям слава. 🇺🇦🇬🇪
P.S. გვესაჭიროება რესურსები, განსაკუთრებით "Flutter" სპეციალისტები.