13/05/2023
⛰5️⃣ულამაზესი ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა ნახო..
1.)ყვარელი-ადგილი, სადაც თავს იყრის ევროპული და აზიური კულტურის ნაზავი, ნებისმიერ მნახველს შთაბეჭდილებებით აავსებს. აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის ამ ქალაქში თუ მოხვდებით, ჩათვალეთ ჯადოსნური სამყაროს გასაღები გიჭირავთ ხელში და ისღა დაგრჩენიათ, საოცრებათა ქვეყანაში შეაბიჯოთ.
ყვარელში თქვენ შეხვდებით საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეებს - ეკლესიებს, მრავალფეროვანი ყურძნის ჯიშების ვენახებს, ღვინის უძველეს მარნებს, საუკუნოვან ტბებსა და მუზეუმებს, ტრადიციულ ოჯახებსა და რაც მთავარია, ქართული კულტურის ყველაზე ავთენტურ სათავეებს.
ღვინის დამზადების ქართული ტექნიკა მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ორიგინალურობითა და სიძველით. მისი ისტორია 8000 წლის წინ იწყება და დღემდე შემონახულია.
2.)მესტია-გინახავთ როგორ ეფინება ნისლი და ღრუბლები მთლის კალთებს და ცამდე აზვირთულ მწვერვალებს მალავს? ამას საუკეთესოდ სვანეთის ყველაზე გასაოცარი ადგილიდან, მესტიიდან ნახავთ. სანამ დაიძვრებით, გაფრთხილებთ, რომ თბილი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ, რადგან სვანეთში ჰაერის ტემპერატურა ზაფხულშიც კი საკმაოდ გრილია.
ზამთარ-ზაფხულ აქ ხალხმრავლობა და ტურისტების დიდი ნაკაში შეიმჩნევა. ზაფხულში ბუნება განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია, ირგვლივ სულ სიმწვანეა, შორეული მთების მწვერვალებიდან კი ბუნებას თოვლი გადმოჰყურებს. ის, რაც აქაურობას განსაკუთრებულს ხდის, სწორედ ველური გარემოსა და ტურისტული ზონების სინთეზია.
მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, მაგრამ წინასწარ შეემზადეთ - ასეთი სანახაობა ცხოვრებაში იშვიათად შეგხვდებათ. აქვეა კიდევ ერთი უმაღლესი მთა თეთნულდი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მოლაშქრეების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ბუნების სიდიადეს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობთ.
3.)თუშეთი-როდესაც მთებსა და მის კულტურაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ თუშეთი, რომელიც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და იდუმალი კუთხეც კი იყოს, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
თუშეთში მოგზაურობა განსაკუთრებულად საინტერესო და ექსტრემალური გზით იწყება, რომელიც შესაძლოა შიშისმომგვრელიც კი იყოს, თუმცა თუ ცოტა ექსტრემალი ხართ, საოცარი განცდა დაგეუფლებათ.გიფიქრიათ ოდესმე, რომ ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი მოგენახულებინათ? მაშინ, თქვენ სწორად ადგილას ხართ, ხოლო თუ არ გიფიქრიათ, მაშინ ბედმა გაგიღიმათ, რადგან თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. სახლები ზედ ბორცვზეა აშენებული და როდესაც თავად იხილავთ, იგრძნობთ, რომ აქ ღამის გატარება და ცაზე ვარსკვლავების ყურება მოგინდებათ.
4.)ხიხანის ციხე-ყველაზე უცნაურ და თვალის მომჭრელ ადგილას სად ყოფილხართ? - თუ ეს ადგილი ხიხანის ციხე არ ყოფილა, მაშინ ყველაფერი წინ გქონიათ. ის შუასაუკუნეებში აგებული ციხეა, რომელსაც ქართველი მეფეები ყველაზე სტრატეგიულ ადგილად მიიჩნევდნენ ომიანობის დროს. მისი არქიტექტურა, ადგილმდებარეობა და მნიშვნელობა ნათლად გიამბობთ, თუ რაოდენ ხშირად ესხმოდნენ საქართველოს დამპყრობლები.
როდესაც აქ მოხვდებით, თავს მთათა სისტემის შუაგულში ამოყოფოთ, რადგან ირგვლივ სულ კლდეები და მთებია შემოხვეული. ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. აქვეა უცნაური ჭა, რომელიც თავის დროზე თოვლის შესანახად გამოიყენებოდა.
აქედან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში შეგიძლიათ აჭარის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში მოხვდეთ, ხოლო თუ მთაში გსურთ მოგზაურობის გაგრძელება, ადგილობრივი სოფელი თხილვანა უნდა მოინახულოთ.
5.)სათაფლია-სათაფლია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც დინოზავრების 120 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული ნაკვალევია შემორჩენილი. სად იპოვით სხვაგან ასეთ ადგილს? წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც მილიონობით წლის წინ დინოზავრები სახლობდნენ, დღეს კი თქვენ საშუალება გაქვთ უნიკალური გამოცდილება მოიწყოთ და სწორედ ამ მიდამოებში ისეირნოთ, დაათვალიეროთ ადგილობრივი კარსტული მღვიმეები და იხილოთ გასაოცარი სანახაობა.
იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარუშლელი შთაბეჭდილებები დაგრჩეთ, თქვენ დააგემოვნებთ საუკეთესო ხარისხის ღვინოს, დაათვალიერებთ მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებს, ხოლო შუშის პანორამული გადმოსახედიდან იმერეთის ულამაზეს ხედებს დაინახავთ.
სათაფლიასთან ახლოს მდებარეობს ნავენახევის მღვიმეც, რომელიც თავისი სილამაზით განსხვავდება ყველა ნაცნობი მღვიმეებისგან.