15/05/2024
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო.
მართალია ბარშიც საკმაოდ აგვიცივდა ბოლო დღეებია, მაგრამ ამჯერად უფრო ცივი და სუსხიანი დღეების ამბავი უნდა მოგიყვეთ.
მოკლედ აბულ-სამსარის ქედის ტრავერსის შეკვეთილი ტური მქონდა. სამ ტურისტს ველოდებოდი. ყველაფერი დავგეგმე, მოვემზადე და 10 მაისის დილით ავიღეთ გეზი აბულისკენ. პროგნოზი თავიდანვე არც ისე სახარბიელო გვქონდა, მაგრამ არც ისეთი, როგორითაც ფაქტიურად დაგვიხვდა მოხუცი აბული.
ჩავედით აბულში, ჩამოვბარგდით, ავისხით გუდა-ნაბადი და გავეშურეთ სამდღიან თავგადასავალში. გაზაფხულის მშვენიერი დილა იდგა. ცა გახსნილი იყო, მზე თავზე დაგვნათოდა და ჩვენც ხალისით მივუყვებოდით გზას.
აბულის ფერდს შევუდექით თუარა ნელნელა წამოვიდა ჯერ თეთრი, შემდეგ შავი ღრუბელი და ცაც მოიქუფრა. ზემოთ და ზემოთ თოვლის ფენაც იმატებდა. როგორც იქნა ავათავეთ ფერდი, გავივაკეთ და ხოშკანკალამაც წამოგვაყარა, რომელიც ნელნელა თოვად გადაიქცა. მყუდრო ადგილი მოვძებნეთ დასაბანაკებლად, გაყინული ხელებით გავშალეთ კარვები და შევიყუჟეთ.
ერთ საათში გადაიღო თოვამ. შავი ღრუბელიც გადაიკრიფა, ცაც თითქოს გაიხსნა (ეს იყო უკანასკნელად გახსნილი ცა, რომელიც მომდევნო სამი დღის განმავლობაში დავინახეთ) და ჩვენც გავემზადეთ მწვერვალზე ასასვლელად.
დასვენებულებმა საკმაოდ სწრაფად ავიარდეთ ფერდი და უკვე ქედზე უნდა გავსულიყავით, რომ ისევ წამოვიდა შავი ღრუბელი ჩვენს თავზე და თვალებში ისეთი გაგვიელვა, სულ ნაპერწკლები გვაყრევინა. ელვა დამთავრებულიც არ იყო, რომ შიგ ყურის ბარაბანში გრუხუნით ჩაგვძახა, გამასწარით აქედანო. გზის გაგრძელება თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რადგან უკვე თითქმის ქედზე ვიყავით გასულები და დასამალიც არსად იყო. ამიტომ ჩქარი ნაბიჯით დავიწყეთ სიმაღლის დაგდება. ნისლიც წამოვიდა. ორი მეტრის წინ არაფერი ჩანდა. თან დასავლეთიდან მონაბერი გაყინული ხოშკანკალა სახეს გვაძრობდა. უკან კი ღრიალით მოგვდევდა ჭექა-ქუხილი და ელვა. როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ ბანაკამდე და გაყინულები შევიყუჟეთ კარვებში. უამინდობა დაღამებამდე გაგრძელდა. მთელი დღე თოვდა და ქარი ქროდა.
ღამემ მშვიდად ჩაიარა. სიოც კი არ ყოფილა დილამდე. დილით ისევ ძლიერი ნისლი წამოვიდა. ავშალეთ ბანაკი და გავეშურეთ ლევანის ტბისკენ. დინჯად მივიკვლევდით გზას ნისლით და სიმარტოვით მოცულ თოვლის ვრცელ უდაბნოში და ერთადერთი რაც არემარეს ახმიანებდა, ეს ქარიშხლის გამაყრუებელი ღრიალი იყო. დროდადრო ნისლი გადაიყრებოდა და ჩვენს წინ თეთრ საბურველში გახვეული საოცარი პეიზაჟი იშლებოდა, - თოვლის, მორენების, მთების და არამიწიერი სილამაზის.
თოვლის საფარი საკმაოდ მაღალი იყო და ზოგან წელამდე ვიფლობოდით თოვლში, რაც გადაადგილებას ძალიან ართულებდა. ზედა ლევანის ტბას გადავადექით თუარა ქარი შემცირდა, მაგრამ ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. წამოვიდა ძლიერი წვიმა, რომელმაც თოვლი ერთ დიდ აზელილ მასად აქცია. ფეხსაცმელებმაც ვეღარ შეაკავეს ამხელა წყალი და ფეხები ძალიან დაგვისველდა. ამას ემატებოდა ქარი და ყინვა და ფეხის თითებიც საყვარლად დაბუჟდა.
რაც უფრო ვაგდებდით სიმაღლეს, თოვლის საფარიც ნელნელა კლებულობდა და როგორც იქნა მივაღწიეთ ნანატრ მიწის საფარამდე. გზად მინამქრული თოვლის ზონების გავლა კი გვიწევდა, მაგრამ უკვე იმედიანად ვიყავით, რადგან უკვე სამშვიდობოს ვიყავით. შორიდან ვუქცერდით ჩვენი იმედის ქოხს ლევანის ტბაზე, რომლამდე მისასვლელი გზა ძალიან გაგვეწელა.
ქოხში ერთი ტომარა შეშა დაგვხვდა. რადგან სრულიად გალუმპულები ვიყავით, ამიტომ მოვიპარეთ, სხვა გზა არ გვქონდა და ღუმელიც ავაგუზგუზეთ. ეს იყო ყველაზე პოზიტიური მოვლენა გასული ორი დღის განმავლობაში. ქოხში ნელნელა დათბა და ჩვენც გავთბით.
მთელი ღამე თოვდა და ძლიერი ქარი ქროდა, მაგრამ ჩვენ სულაც არ გვენაღლებოდა, რადგან თბილად გვეძინა ქოხში შეყუჟულებს.
მესამე დღე არანაკლებ დატვირთული გვქონდა დაგეგმილი, რადგან ჯერ შაორის ციხეზე და შემდეგ ტამბოვკაში ვაპირებდით გადასვლას, მაგრამ რადგან არც მესამე დღეს გვქონდა სახარბიელო ამინდი და თან წინა ორი დღის ნაჭაპანწყვეტარი ვიყავით, ამიტომ სიმაღლის აწევას, ისევ დაწევა ვამჯობინეთ, ავამოქმედეთ გეგმა „ბ“ და დავეშვით სოფელ ოლავერდისკენ. დილიდანვე ქარი, ნისლი და თოვა იყო, მაგრამ რაც უფრო დაბლა ჩამოვედით თოვლი წვიმად გადაიქცა და კარგადაც გაგვლუმპა. მაგრამ მაგას აღარ ვჩიოდით, რადგან უკვე სამშვიდობოს ვიყავით. სოფელს რომ გადმოვადექით, აი ის გახსნილი ცა გამოჩნდა, ორი დღის წინ რომ ვნახეთ ბოლოს. მზემაც გამოანათა, თითქოს ჩვენს სამშვიდობოზე გამოსვლას ელოდებოდა და დამშვიდდა.
შემდეგ უკვე მოსაყოლი აღარაფერი მომხდარა. მოვდიოდით, მოვდიოდით და ჩამოვედით.
ასე დასრულდა ჩვენი კიდევ ერთი თავგადასავალი.
დანარჩენს ჩვენი სუსხიანი ფოტოები გიამბობენ.
მომავალ შეხვედრამდე. მთაში, ან სადმე...