08/02/2024
❗️ როგორ უნდა ვისწავლოთ ფინანსების სწორად მართვა, რა არის ამისთვის საჭირო?
მაია ხავთასი, ბიზნესლედი:
პირველ რიგში, აუცილებელია, ორიენტირებულები ვიყოთ შემოსავლის ზრდაზე, იქნება ეს პროფესიის თუ ბიზნესის კუთხით.
1. უნდა გავზარდოთ შემოსავალი;
2. აუცილებლად ვაკონტროლოთ ხარჯები, გვაქვს თუ არა არამიზნობრივი და ნაკლებად საჭირო ხარჯები;
3. უნდა ვისწავლოთ ჩვენი შემოსავლიდან დანაზოგის გაკეთება. ყველაზე მარტივი, რასაც მე თვითონ ვიყენებ, არის ის, რომ ყოველი ტრანზაქციიდან ანაბარზე გადავიდეს თანხა. 2, 5, ან 10 ლარი, რამდენის საშუალებაც გვაქვს. იმ მომენტში 1-2 ლარი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თვეებისა და წლების შემდეგ ის საკმაოდ დიდ თანხად იქცევა. დანაზოგის პროცენტი აუცილებლად უნდა გავზარდოთ შემოსავლების პროპორციულად.
- მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ და იტყვიან, რომ არ შეუძლიათ დანაზოგის გაკეთება, რას ეტყოდით მათ?
– უნდა გაზარდონ შემოსავლები. პირველი რიგში, გაზარდონ საკუთარი თავი პროფესიული კუთხით. აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება. მე, მაგალითად, თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის კურსის საფასური საკრედიტო ბარათიდან გადავიხადე, რადგან საკმაოდ ძვირი ღირდა და ერთიანად გადახდა რთული იყო. მერე იმ საკრედიტო ბარათს ხელფასიდან 10-12 თვე ვფარავდი.
თუ ადამიანს განვადებისთვის ან დასვენებისთვის შეუძლია ყოველთვიურად ხელფასიდან გადაიხადოს თანხა, მაშინ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, საკუთარი ცოდნისა და განათლებისთვის უნდა გააკეთოს. შეიძლება ბიზნესში სულაც არ იყოს ადამიანი ჩართული, მაგრამ თავისი პროფესიით გადაემზადოს და მაღალანაზღაურებადი გახდეს იმის გამო, რომ კონკრეტული სერტიფიცირება გაიარა. მერე უკვე მარტივად შეძლებს აქედან დანაზოგის გაკეთებას.
– ანუ დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, სწორი ქმედების შედეგად ყველას შეუძლია მიაღწიოს ფინანსურ დამოუკიდებლობას?
– მე თუ შემიძლია, შეუძლია ყველას. ყველა ადამიანი ნიჭიერია, ყველას აქვს თავისი ნიჭი და პოტენციალი. თუ თავის პოტენციალს გააღვივებს, აუცილებლად შეძლებს ყველაფერს. მე და ჩემმა მეუღლემ ფინანსურ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ იმის ხარჯზე, რომ ვისწავლეთ ფინანსების სწორად განკარგვა, დანაზოგის გაკეთება და მერე უკვე ინვესტირება ბიზნესში.
წყარო: jolo.ge